ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი - 6-თვიანი ძალისხმევის შემდეგ, დღეს საბოლოოდ გავდივართ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ
6-თვიანი ძალისხმევის შემდეგ, დღეს საბოლოოდ გავდივართ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტოს ექსპერტები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში იქნებიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილზე ინფორმაციის შეგროვება, ელექტროსადგურის თანამშრომლებთან გასაუბრება და ვითარების დასტაბილურებაში მათთვის დახმარების გაწევა.
„6-თვიანი ძალისხმევის შემდეგ, დღეს საბოლოოდ გავდივართ ატომური ელექტროსადგურისკენ. როგორც იცით, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომ შევაფასოთ ადგილზე არსებული რეალური ვითარება და როგორც შეგვიძლია, დავეხმაროთ სიტუაციის სტაბილიზებაში. იქ რამდენიმე დღეს გავატარებთ, შემდეგ კი მოხსენებას მოვამზადებთ. ეს ოპერაციები ძალიან კომპლექსურია. ომის ზონაში მივდივართ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც მოითხოვს ორივე მხარისგან გარანტიებს“, – განაცხადა გროსმა, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, კიევიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიემგზავრება.
ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსული ძალები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ატომურ სადგურზე ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.