ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ურანის გასამდიდრებლად ახალი ობიექტი ააშენა, რომელშიც 28 ცენტრიფუგის კასკადის განთავსებაა შესაძლებელი

10:55, 09.09.2026

ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ კომპლექსში ურანის გასამდიდრებლად ახალი ობიექტი ააშენა, რომელშიც 28 ცენტრიფუგის კასკადის განთავსებაა შესაძლებელი, – ამის შესახებ ინოფრმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ავრცელებს.

სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ დასკვნები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ინფრასტრუქტურის მრავალ ადგილას სტაბილურ გაფართოებაზე მიუთითებს.

ამასთან, 28 აგვისტოს ანგარიშში IAEA აცხადებს, რომ ფხენიანის ბირთვული საქმიანობის თვალყურის დევნებისთვის ის თანამგზავრულ სურათებსა და ღია წყაროებიდან მიღებულ მასალას ეყრდნობოდა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს.

„კანგსონსა და იონგბიონში გამდიდრების ობიექტების ფუნქციონირება და ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის დონის ბირთვული მასალის წარმოების შემდგომი გაფართოება სერიოზული შეშფოთების მიზეზია“, – განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.

მსგავსი