ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ირანმა, შესაძლოა, ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღის დონემდე გააძლიეროს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ირანმა, შესაძლოა, ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღის დონემდე გააძლიეროს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა, შესაძლოა, გააძლიეროს ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღის დონემდე. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანი სწრაფად ზრდის ურანის გამდიდრებას 60 პროცენტის სისუფთავემდე და 90 პროცენტს უახლოვდება, რაც საჭიროა ბირთვული იარაღის შექმნისთვის.

გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანის წარმოება მოსალოდნელია თვეში 34 კილოგრამამდე, ამჟამინდელ 4.7 კილოგრამთან შედარებით. გროსიმ აღნიშნა, რომ გაერო-ს ინსპექტორები გეგმავენ, ნახონ, თუ რამდენი ცენტრიფუგა ამუშავდება ირანში.

„ეს არის გზავნილი. ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ ისინი პასუხობენ იმას, რასაც ზეწოლად მიიჩნევენ“, – განაცხადა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სააგენტომ მოუწოდა ირანს, უზრუნველყოს დროული და ტექნიკურად სარწმუნო გარანტიები, რომ ობიექტი არ არის გამოყენებული ურანის გამდიდრების დონის ამაღლებისთვის.