„ატლანტიკი“ – ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინამ, შესაძლოა, საბრძოლო მასალის უფრო სწრაფად და იაფად წარმოება დაიწყოს

11:48, 10.08.2026

ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ მწარმოებლები – Raytheon-ი და Lockheed Martin-ი შიშობენ, რომ უკრაინა ლიცენზიის მიღების შემთხვევაში რაკეტა-ჩამჭრელების გასაუმჯობესებლად იოლ გზას იპოვის, შემდეგ კი მათი წარმოებას დაიწყებს დიდი მოცულობით, უფრო სწრაფად და გაცილებით დაბალი დანახარჯებით, ვიდრე ამის გაკეთება აშშ-შია შესაძლებელი, – ამის შესახებ გამოცემა „ატლანტიკი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურად ამერიკული კომპანიები საკუთარ შეშფოთებას ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისა და ტექნოლოგიების გადაცემის რისკებით ხსნიან.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის პირველივე წელს მან აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „პეტრიოტის“ წარმოების ლიცენზიის გაცემა სთხოვა.

„ახლა პრეზიდენტ ტრამპთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის ამ ლიცენზიებს მოგვცემს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ოთხი წლის წინ რომ მიგვეღო ეს ლიცენზია. ახლა ბიუროკრატიულ პროცედურებთან გვიწევს ბრძოლა. ჩვენკენ კი ქაღალდის ფურცელი, ქაღალდის რაკეტა კი არ მოფრინავს, არამედ ნამდვილი რაკეტა, რომელიც ადამიანებს ხოცავს.

ამიტომ, თუ ვამბობთ, რომ ამერიკელებმა ეს ლიცენზიები უნდა მოგვცენ, ევროპელებმაც იგივე უნდა გააკეთონ. მათთანაც ხომ, უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ ზოგიერთი ლიცენზიის საკითხის გადაწყვეტაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოცემა „კიევ ინდეფენდენის“ ჟურნალისტმა, ტიმ ზადოროჟნიმ განაცხადა, რომ ზელენსკიმ ლიცენზიების საკითხი პირველად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებში დააყენა.

„ატლანტიკის“ ცნობით, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, როგორც ჩანს, ეს წინადადება აშშ-ის მაშინდელ თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს წარუდგინეს, თუმცა უარი მიზეზების განმარტების გარეშე მიიღეს. გამოცემის ინფორმაციით, ლიცენზიის მიღების შემთხვევაში უკრაინას ექნებოდა „პეტრიოტის“ ჭარბი რაოდენობის წარმოების, აშშ-ში გამოყენების ან ვაშინგტონის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მიყიდვის შესაძლებლობა და ამის გაკეთებას რუსეთთან ომის დასრულებამდეც კი შეძლებდა.

მედიის ცნობით, შესაძლოა, სწორედ ეს წარმოადგენს აშშ-ისთვის პრობლემას.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს ჟურნალისტის კითხვაზე, მიაწვდის თუ არა ვაშინგტონი კიევს დამატებით რაკეტა-ჩამჭრელებს „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის და შორი მოქმედების რაკეტებს, რომლებიც უკრაინას ესაჭიროება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ თვითონაც გვჭირდება რაკეტები“.

ამასთან, ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო აშშ-ის საბრძოლო მასალების არსენალების დაცარიელებაში დაადანაშაულა.

„ბაიდენმა ზელენსკის 300 მილიარდი დოლარის საბრძოლო მასალა მისცა. როცა მე წავედი, ყველაფერი სავსე იყო საბრძოლო მასალით. მან კი მათი ძალიან დიდი ნაწილი გასცა. ახლა ჩვენ ამ მარაგებს ვავსებთ და ვიყენებთ საბრძოლო მასალას, რომელიც ძალიან ძლიერი და კარგია“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი