The Atlantic – 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის შვილს „ვიკილიქსის“ ჯგუფთან საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა
The Atlantic – 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის შვილს „ვიკილიქსის“ ჯგუფთან საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა

აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ვებგვერდ „ვიკილიქსის“ ჯგუფს დონალდ ტრამპ-უმცროსთან საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Atlantic-ი ავრცელებს, რომლის მტკიცებითაც, მას ელექტრონული წერილები ჩაუვარდა ხელში.

აღსანიშნავია, რომ მიმოწერის დროს ტრამპ-უმცროსი თავისი მამის, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მრჩეველი იყო.

პირველ შეტყობინებაში, რომელიც დონალდ ტრამპის შვილმა „ტვიტერში“ მიიღო, „ვიკილიქსმა“ ტრამპის შტაბს ურჩია, ტრამპის საწინააღმდეგო ახალი ვებგვერდისთვის ყურადღება მიექცია და დონალდ ტრამპ-უმცროსს საიდუმლო მასალებისადმი წვდომის პაროლი გაუგზავნა. საპასუხო წერილში, უმცროსმა ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვებგვერდს.

პირველ შეტყობინებას მოჰყვა კიდევ რამდენიმე წერილი, რომელშიც „ვიკილიქსის“ ჯგუფი „დემოკრატიული პარტიის“ წევრების მოპარულ მიმოწერას უგზავნიდა, ამას გარდა, ჯგუფი დონალდ ტრამპის შვილს სხვადასხვა თხოვნითა და შეთავაზებებით მიმართავდა. ტრამპმა მხოლოდ პირველ სამ შეტყობინებას უპასუხა.

ამას გარდა, „ვიკილიქსი“ ერთ-ერთ წერილში მადლობას უხდის დონალდ ტრამპ-უფროსს მის გამოსვლებში ვებგვერდის ხსენებისთვის. „ვიკილიქსი“ ასევე სთავაზობდა რესპუბლიკელ კანდიდატს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, არ აღიაროს შედეგები და მათი გაყალბების შესახებ განაცხადოს.

ამასთან, სკანდალური ვებგვერდის „ვიკილიქსის“ ჯგუფი, დონალდ ტრამპს სთხოვდა, ავსტრალიისთვის ჯულიან ასანჟის კანდიდატურა აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე შეეთავაზებინა.

ჟურნალ The Atlantic-ის მტკიცებით, აღნიშნულ მიმოწერას ამჟამად კონგრესი სწავლობს. დონალდ ტრამპ-უმცროსის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი კლიენტი აღნიშნული მიმოწერის გამო შეშფოთებული არ არის და მზად არის, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. მას შემდეგ, რაც ჟურნალმა აღნიშნულ საკითხზე სტატია დაწერა, დონალ ტრამპ-უმცროსმა „ტვიტერის“ მიმოწერა თავად გაასაჯაროვა.

ჯულიან ასანჟის მიერ დაარსებულმა ვებგვერდმა „ვიკილიქსმა“ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 2016 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ყრილობის პირველ დღეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის სერვერებიდან მოპარული ელექტრონული წერილები, რომლიდანაც გაირკვა, რომ პარტიის წევრები ჰილარი კლინტონის მეტოქის ბერნი სანდერსის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. ამას სგარდა, „ვიკილიქსმა“ ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას წერილებიც გამოაქვეყნა. პოდესტაც წერილები ინტერნეტში მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც გამოცემა Washington Post-მა დონალდ ტრამპის განცხადების აუდიოჩანაწერილი გაავრცელა, სადაც ის ქალების მიმართ შეურაცხმყოფელად საუბრობს.