ათი დეპუტატი ათასი ლარით დაჯარიმდა
ათი დეპუტატი ათასი ლარით დაჯარიმდა

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათი მოქმედი და ორი ყოფილი პარლამენტარი  ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს; დამოუკიდებელ დეპუტატ რამაზ ნიკოლაიშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ წევრებს თემურ მაისურაძეს და ვლადიმერ აჩბას.

დარღვევათა ძირითადი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა.

პარლამენტართა შემოწმებულ დეკლარაციებში ხარვეზები არ აღმოჩნდა ხათუნა გოგორიშვილისა და დავით ბაქრაძის დეკლარაციებში.

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, შარშან სულ 287 დეკლარაცია შემოწმდა.

224 საჯარო მოსამსახურე დაჯარიმდა, ხოლო 56 დეკლარაციაში ხარვეზი ან შეცდომა არ დაფიქსირებულა.

გამოვლენილი დარღვევები შემდეგია: შეუსაბამობა უძრავი ქონების მითითებულ და რეალურ ფართებს შორის; ოჯახის წევრების არადეკლარირებული უძრავი ქონება (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; არადეკლარირებული საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში.

სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, თანამდებობის პირებმა არ მიუთითეს ინფორმაცია საწარმოების წილების ან ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე,

სრულყოფილად არ დააფიქსირეს ოჯახის წევრების ან საკუთარი შემოსავლები. მაგალითად, დოკუმენტში დარიცხულის ნაცვლად, ხელზე მიღებული შემოსავალია აღნიშნული.