ათენში საჯარო სექტორის მოხელეების 24-საათიანმა გაფიცვამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა
ათენში საჯარო სექტორის მოხელეების 24-საათიანმა გაფიცვამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა

ათენში საჯარო სექტორის მოხელეების 24-საათიანმა გაფიცვამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის პროფკავშირები მთავრობის მიერ ინიცირებულ შრომით კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც, მათი აზრით, დასაქმებულთა უფლებებს ზღუდავს.

პოლიციის მონაცემებით, ათენში პარლამენტის წინ დემონსტრაციაზე 6 500-მდე ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთ მომიტინგეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით – „ჩვენ არ გავხდებით 21-ე საუკუნის მონები“.

პროფკავშირის ADEDY-ის განცხადებით, ახალი კანონპროექტი რვასაათიანი სამუშაო დღის 10 საათამდე გაზრდას, ასევე ხუთდღიანი სამუშაო კვირისა და კოლექტიური შეთანხმებების გაუქმებას ითვალისწინებს. მთავრობა დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები დასაქმებულებისთვის მოქნილი სისტემის შექმნას ითვალისწინებს. ხელისუფლება ოპონენტებს კანონპროექტის არსის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.

„ერთადერთი, რასაც ეს კანონი აკეთებს, არის ის, რომ რეფორმა ცდილობს, მისცეს დასაქმებულებსა და მუშებს უფრო მეტი თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, როგორ გაანაწილოს საკუთარი რვასაათიანი სამუშაო დღე“, – განაცხადა განვითარების მინისტრმა ადონის გეორგიადისმა.

მთავრობის პრესსპიკერის, არისტოტელია პელონის თქმით, კანონპროექტი მიმართულია ცვალებადი შრომითი ბაზრის პირობებში, ციფრული პლატფორმებისა და დისტანციური მუშაობის გათვალისწინებით დასაქმებულების რეალური პრობლემების მოგვარებისკენ.