ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 35-ე რეგიონული შეკრება გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას
ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 35-ე რეგიონული შეკრება გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას

ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონული შეკრება დღეს გაიხსნება. შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

საქართველო წლების განმავლობაში 91-წევრიანი ორგანიზაციის დამკვირველი წევრი იყო. მას შემდეგ კი, რაც საქართველომ ზაფხულში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლა, ქვეყანამ ასოცირებულ წევრობაზე განაცხადი გააკეთა და სწორედ ამ ახალი სტატუსით დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები საბერძნეთის დედაქალაქში მიმდინარე ორდღიან სხდომას.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს კანდიდატის სტატუსის საკითხის ლობირებისა და მხარდაჭერის მოპოვებისთვის გამოიყენებენ.

„მოგეხსენებათ, ზაფხულში საქართველომ უმასპინძლა ასამბლეის სხდომას, სადაც ჩვენ მივიღეთ ასოცირებული წევრის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს უფრო მეტ საშუალებას, რათა მოხდეს სხვადასხვა დეკლარაციის, ასევე რეზოლუციების ჩვენი მხრიდან წარდგენა იმ ინტერესით, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ, სადაც კი რაიმე საშუალებაა, რადგან სხვა ქვეყნებს უნდა გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის წარმატება. ამ პლატფორმის გამოყენება კარგ საშუალებას გვაძლევს, რომ იმ ქვეყნების დაფარვა მოვახერხოთ, სადაც არ გვაქვს დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა. რადიკალურად განსხვავებულია ფრანგულენოვანი ქვეყნების მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რადგან ჩვენ ამ პლატფორმის გამოყენებით მეტად შევდივართ მეგობრულ ურთიერთობაში, ვაცნობთ ჩვენი ქვეყნის წარმატებას როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ასპარეზზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ფრანგულენოვანი ქვეყნების მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა.