ათენში, აკროპოლისთან ახლოს მამაკაცი ცივი იარაღით ორ ტურისტს თავს დაესხა
ათენში, აკროპოლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი ორ ტურისტს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ქალმა ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მამაკაცს უფრო მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს, ხოლო დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, თავდასხმამდე მამაკაცი გამვლელებს დანით ემუქრებოდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციას აცნობა.
ცნობისთვის, ათენის აკროპოლისის ბორცვზე მდებარეობს თითქმის 2 500 წლის ისტორიის მქონე პართენონის ტაძარი და სხვა ისტორიული ძეგლები. ეს ადგილი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს.