ათენში ახალგაზრდები განათლების პირობებსა და მაღალ საცხოვრებელ ხარჯებს აპროტესტებენ
საბერძნეთში, ათენის ცენტრში სტუდენტური აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ განათლების პირობებსა და მაღალ საცხოვრებელ ხარჯებს აპროტესტებენ.
ათენის უნივერსიტეტის წინ შეკრებილების თქმით, ისინი ისეთ ძირითად საარსებო ხარჯებსაც ვერ წვდებიან, როგორიცაა ქირა, პროდუქტები და საკანცელარიო ნივთები. სტუდენტური კავშირები კი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ განათლების გაუმჯობესებისთვის დამატებითი ფინანსები გამოყოს.
პროტესტს შეუერთდნენ მასწავლებლებიც. ისინი ხელფასების მატებას და განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვენ.
„ჩვენ ღირსეულ ანაზღაურებას, უსაფრთხო შენობებსა და ისეთ სკოლებს ვითხოვთ, რომლებიც ჩვენს ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მათი ეკონომიკური მდგომარეობის, წარმოშობისა თუ სქესისა, განათლებას მისცემს. მიგვაჩნია, რომ სკოლებში არსებული ვითარება მიუღებელია, მათ შორის, აღჭურვილობის მხრივ“, – განაცხადა საშუალო განათლების მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეას კარგოპულოსმა.
საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის შესახებ პროექტს ამუშავებენ და არსებულ ინფრასტრუქტურას აუმჯობესებენ.