ათენის სააპელაციო სასამართლომ ვლადიმირ პლახატნიუკის მოლდოვაში ექსტრადირების ნებართვა გასცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს
ათენის სააპელაციო სასამართლომ ვლადიმირ პლახატნიუკის მოლდოვაში ექსტრადირების ნებართვა გასცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს

ათენის სააპელაციო სასამართლომ ვლადიმირ პლახატნიუკის მოლდოვაში ექსტრადირების ნებართვა გასცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი პლახატნიუკი ათენში გამართულ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. დარბაზში იმყოფებოდნენ მისი ადვოკატები და ასევე საბერძნეთში მოლდოვის საელჩოს წარმომადგენლები.

მოლდოვის ხელისუფლებამ ვლადიმირ პლახატნიუკის ექსტრადირების ორი მოთხოვნით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას. მანამდე პლახატნიუკმა თანხმობა განაცხადა მოლდოვაში ექსტრადირებაზე და უარი თქვა მისი რუსეთისთვის გადაცემაზე, რასაც მოსკოვი ითხოვდა.

ცნობისთვის, ვლადიმირ პლახატნიუკი მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა. ის ცოტა ხნით აშშ-ში იმყოფებოდა, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი აშშ-ში ყოფნა არასასურველად მიიჩნიეს. დაუდასტურებელი ცნობებით, შემდგომში პლახატნიუკი ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მოლდოველი ოლიგარქი საბერძნეთში 22 ივლისს დააკავეს. მოლდოვაში მის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 2025 წლის 7 თებერვალს მასზე ძებნა ინტერპოლმა გამოაცხადა.