ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ორივე კერა ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ორივე კერა ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებში, ოპერატიულად განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეინჯერების მობილიზება.

უწყების ცნობით, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ერთობლივი ინტენსიური მუშაობით, ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში გახდა შესაძლებელი.

ადგილზე იმყოფებოდნენ და ხანძრის ქრობის პროცესის მართვაში მონაწილეობას იღებდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა საღარეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 8 ჰექტარზე გავრცელდა.

„ცეცხლი ეკიდა დაახლოებით 8 ჰექტარამდე ფართობს, თუმცა ძირითადად ტყის ქვედა საფარი დაიწვა. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთული რელიეფის პირობებშიც დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება, რამაც ფაქტობრივად, ტყე სრულად გადაარჩინა“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.