ათენიდან საქართველოს 125 მოქალაქე დაბრუნდა
ათენიდან საქართველოს 125 მოქალაქე დაბრუნდა

ათენიდან საქართველოს 125 მოქალაქე დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ შესრულდა.

ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არმომადგენელმა ვლადიმერ კოსტანტინიდმა განაცხადა, აღნიშნული რესიით ჩამოსული მგზავრები 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

„მგზავრებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები, მძიმე პაციენტები და რეისი უკვე შესრულებულია. ეს გახლდათ მორიგი ფრენა, რომელიც იყო კოორდინირებული „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად, საკოორდინაციო საბჭოს თაოსნობით. ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, როგორც წინა შემთხვევებში იყო, გაივლის იმ 14-დღიან საკარანტინო პირობებს.

წინა რეისებზე იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრების რაღაც გარკვეული რაოდენობა, ეს არ იყო ბევრი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ცხადდებოდნენ დაგეგმილ ფრენაზე. ამიტომ, ყველა ასეთ შემთხვევაში, მოგეხსენებათ ჩვენს საკონსულო სამსახურებს აქვთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს მოქალაქეებთან, პრაქტიკულად ყველა, ვინც იმყოფება კონკრეტულ საკონსულო ოლქში მით უმეტეს ამ მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული არიან და ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ახდენდნენ გაფრთხილებას, გადამოწმებას, შეხსენებას. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაიფიქრებდა რეისზე გამოცხადებას, უნდა მომხდარიყო ალტერნატიული სარეზერვო კონტინგენტით ჩანაცვლება, რომ თვითმფრინავის ადგილები არ გაცდენილიყო. დღევანდელ რეისზეც იყო ასეთი შემთხვევა, რომ არ გამოცხადდა ადამიანები გარკვეული რაოდენობას. საკონსულოს ჩართულობით, მყისიერი რეაგირებით მოხდა სხვა მოქალაქეების ინფორმირება, რომლებიც შემდეგ უკვე მოხვდნენ რეისზე. ათი ადამიანი არ გამოცხადდა და შვიდი ადამიანით ჩანაცვლდა. ამ რეისზე იყო ძალიან ბევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი, სამწუხაროდ, გვყავდა ონკოლოგიური პაციენტებიც. იყო რვა მცირეწლოვანიც. შესაბამისად, ძირითადად ამ კატეგორიის ადამიანებს გაუწიეს დახმარება“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, რეისის მგზავრების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რეისი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამის შესახებ ალბათ ინფორმაცია დაწვრილებით მოგვიანებით გვექნება, როცა ისინი შესაბამის პროცედურებს გაივლიან“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.