„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა დღეს გაიხსნა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა დღეს გაიხსნა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ სრულად რეაბილიტირებული ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა დღეს გაიხსნა.

სკოლის გახსნის ცერემონიას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ დირექტორი მაგდა მაღრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა ერთ-ერთია 91 სკოლას შორის, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით. შედეგად, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1 170 მოსწავლისთვის და რეაბილიტირდა 4,000 კვ/მ ფართობი.

2019 წელს ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც შვიდი სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკოლებია. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.