ასტეროიდიდან ჩამოტანილ ნიმუშში წყალი და სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ასტეროიდიდან ჩამოტანილ ნიმუშში წყალი და სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტეროიდის ზედაპირიდან აღებულ და დედამიწაზე ჩამოტანილ ნიმუშებში წყალი და ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტეროიდზე ის ორგანული მასალები იპოვეს, რომლებმაც შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებისთვის საჭირო ქიმიური მასალების წარმოქმნა უზრუნველყო.

ნიმუშები იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ხომალდმა „ჰაიაბუსამ“ ასტეროიდ იტოკავადან დედამიწაზე 2010 წელს ჩამოიტანა. ნიმუშებში აღმოჩნდა წყალი და ორგანული მასალები, რომლებიც ეკუთვნის ასტეროიდს, რომელიც დროთა განმავლობაში ქიმიურად თავადაც იცვლება.

როგორც კვლევა მიუთითებს, იტოკავა მილიარდობით წლის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, უცხო წყაროებიდან იერთებდა წყალსა და ორგანულ ნივთიერებებს, ზუსტად ისე, როგორც დედამიწა. ირკვევა, რომ დაახლოებით 1,3-1,4 მილიარდი წლის წინ, კატასტროფული დარტყმის შედეგად ასტეროიდი ძლიერ გადახურებულა, რამაც ის წყლისგან გამოაშრო და დაამსხვრია. მიუხედავად ამისა, ასტეროიდმა დამსხვრეული ფრაგმენტები კვლავ უკან მიიერთა და წყალიც ხელახლა მიიღო ნახშირბადით მდიდარი მეტეორიტების მტვრის მიერთების გზით.

კვლევა აჩვენებს, რომ იტოკავას მსგავსი S-ტიპის ასტეროიდები, საიდანაც იღებს სათავეს დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტთა უმეტესობა, სიცოცხლისათვის საჭირო ნედლეულ ინგრედიენტებს შეიცავს. ამ ასტეროიდის ანალიზი ცვლის ტრადიციულ მიდგომას დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რომელიც აქამდე დიდწილად ფოკუსირებული იყო ნახშირბადით მდიდარ C-ტიპის ასტეროიდებზე.

„იაპონიის კოსმოსური სააგენტოს „ჰაიაბუსას“ მისიამ დედამიწაზე ჩვენთან ახლომდებარე პატარა ასტეროიდ იტოკავადან ნიმუშები ჩამოიტანა, რათა ისინი დეტალურად შეგვესწავლა ლაბორატორიებში. მას შემდეგ, რაც ნიმუშების ერთი მარცვალი, სახელად „ამაზონი“ უდიდესი დეტალებით შევისწავლეთ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, აღმოჩნდა, რომ ის შეიცავს პრიმიტიულ (გაუცხელებელ) და დამუშავებულ (გაცხელებულ) ორგანულ მასალებს ათი მიკრონის მანძილზე“, — ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი ქუინი ჩანი.

მისივე განცხადებით, ორგანული ნივთიერება, რომელიც ერთ დროს გახურებული ყოფილა, მიუთითებს, რომ ასტეროიდი წარსულში 600°C-მდეა გაცხელებული. მასთან ძალიან ახლოს გაუხურებელი ორგანული ნივთიერების არსებობა კი იმას ნიშნავს, რომ პრიმიტიული ორგანული მასალები იტოკავას ზედაპირზე შემდეგში მოხვდა, მას შემდეგ, რაც ასტეროიდი გაცივდა.

ჩანი ამბობს იმასაც, რომ ამ ნიმუშის შესწავლამ საშუალება მოგვცა, უკეთ გავიგოთ, როგორ იცვლებიან ასტეროიდები გამუდმებით — გარედან, სხვა წყაროებიდან მოსული წყლისა და ორგანული ნივთიერებების მიერთების გზით.

„აღმოჩენა ფრიად ამაღელვებელია, რადგან გვთავაზობს ასტეროიდის ისტორიის კომპლექსურ დეტალებს და გვეუბნება იმასაც, რომ მისი ევოლუციის გზა ძლიერ ჰგავს პრებიოტური დედამიწისას“, — აღნიშნავს ჩანი.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.