Associated Press- დონალდ ტრამპს დიდი შვიდეულის სამიტზე „ცივი დახვედრა“ ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დიდი შვიდეულის სამიტზე „ცივი დახვედრა“ ელოდება. სტატიას ასეთი სათაურით სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, დონალდ ტრამპი კანადაში დაგეგმილ სამიტზე მიემგზავრება დასავლელი სავაჭრო პარტნიორებისთვის ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების დაწესების შემდეგ.
გარდა ამისა, დიდი შვიდეულის ლიდერები იმედგაცრუებულები არიან აშშ-ის მიერ პარიზის კლიმატური და ირანის ბირთვული შეთანხმებებიდან გასვლით .
სამიტის დაწყებამდე ორი დღით ადრე ბუნდესტაგში გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „მრავალმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტზე რთული მოლაპარაკებები იქნება.
ამასთან, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ლარი ქადლოუმ Associated Press-თან საუბარში აღიარა, რომ სამიტის მონაწილეებს შორის სადავო საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხებში საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულია.
„შესაძლებელია აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს უფრო ოჯახურ უთანხმოებას ჰგავს“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.
ქადლოუს თქმით, მოკავშირეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დონალდ ტრამპი ყველაფერს გააკეთებს ამერიკული კომპანიებისა და სამუშაო ძალის დასაცავად.
დიდი შვიდეულის სამიტი კანადის ქალაქ კვებეკში 8-9 ივნისს გაიმართება. სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ორმხრივი შეხვედრების გამართვას გეგმავს, მათ შორის კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.