ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაბა ასპინძაში, ცენტრალურ გზაზე „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.

ოთხივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულებს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და მათ სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.