„ესოშიეტიდ პრესის“ ინფორმაცით, რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები გადასცა
„ესოშიეტიდ პრესის“ ინფორმაცით, რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები გადასცა

რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები გადასცა. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, კიევში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში დაღუპული ათობით უკრაინელი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს.

როგორც ლეგიონ „აზოვის“ ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა, დაწყებულია გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცედურა. უცნობია, რამდენი ცხედარი შეიძლება, კიდევ იყოს დარჩენილი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც კვირების განმავლობაში რუსეთის ძალები ინტენსიურად ბომბავდნენ ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან.

მედიასაშუალებასთან საუბარში ჟორინმა დაადასტურა, რომ „აზოვსტალში“ გარდაცვლილი სამხედროების ნეშტი იყო იმ ცხედრებს შორის, რომლებიც უკრაინამ და რუსეთმა 4 ივნისს გაცვალეს. მაშინ მხარეებმა ჯამში 320 ცხედარი გაცვალეს (160/160).

უკრაინის მთავრობას ცხედრების გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, კომენტარი არ გაკეთებულა არც რუსეთის მხრიდან. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე „ესოშიეტიდ პრესთან“ „აზოვსტალში მოკლული სამხედროების ნათესავებმა ისაუბრეს.

ლეგიონ „აზოვის“ უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ძმა ამბობს, რომ კიევში სამხედრო ჰოსპიტალში იდენტიფიცირებისთვის „აზოვსტალში“ დაღუპულთა ცხედრები სულ მცირე ორი სატვირთო მანქანით გადაასვენეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ამჟამად რუსეთის ტყვეობაში იმყოფება 2 500-ზე მეტი მებრძოლი, რომლებიც მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა „აზოვსტალს“ იცავდნენ, და უკრაინა მუშაობს მათი გათავისუფლებისთვის.