„ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალი განიკურნა
„ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალი განიკურნა

„კარგად ვარ, ტელევიზორს ვუყურებ, გაზეთებს ვკითხულობ“, – ეს არის ამონარიდი კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის იტალიელი ქალის, ადა ზანუსსოს ინტერვიუდან, რომელიც მან „ასოშიეთიდ პრესს“ მისცა.

ადა ზანუსსო „კოვიდ-19“-ით რამდენიმე კვირის წინ, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ახლა მას გამოჯანმრთელებაზე პირველი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა და იგეგმება მეორე, საკონტროლო ტესტის ჩატარებაც.

„ის არაფერზე რეაგირებდა. ვფიქრობდით, რომ ვერ გადარჩებოდა. ერთ დღეს კი თვალები გაახილა და იმ ყველაფრის კეთება გააგრძელა, რასაც მანამდე აკეთებდა“, – განაცხადა „ასოშიეთიდ პრესთან“ საუბრის დრო ექიმმა, ფურნო მარჩეზემ.

გამოჯანმრთელებული ზანუსსოს თქმით, მას ყველაზე მეტად განწყობა და რწმენა დაეხმარა, რომ კორონავირუსს დაამარცხებდა.

ადა ზანუსსოს ჰკითხეს, საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ ყველაზე მეტად რისი გაკეთება სურდა, რაზეც 103 წლის ქალმა უპასუხა, რომ ყველაზე მეტად გასეირნება და შვილიშვილებთან ჩახუტება უნდა.

ადა ზანუსსო იტალის ჩრდილოეთით, ვენეტოს რეგიონში დაიბადა და გაიზარდა. წლების განმავლობაში ტექსტილის ქარხანაში მუშაობდა. ​ზანუსსო 16 აგვისტოს 104 წლის ხდება. მას ოთხი შვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს.

ექიმები ამბობენ, რომ ადა ზანუსსო ძალიან ჯანმრთელია და მას არც ერთი ქრონიკული დაავადება არ აქვს.