„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი სამშვიდობოები უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მდინარე დნეპრის გასწვრივ განლაგდნენ
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი სამშვიდობოები უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მდინარე დნეპრის გასწვრივ განლაგდნენ

ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი სამშვიდობოები უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მდინარე დნეპრის გასწვრივ განლაგდნენ. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ევროპელი სამხედრო მეთაურები რამდენიმე სცენარზე მუშაობენ და მათ სახელმწიფოთა ლიდერებს წარუდგენენ.

ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, რომელსაც საფრანგეთი ემხრობა, არის კოალიციის წევრების მიერ მნიშვნელოვანი ძალების განთავსება ცენტრალურ უკრაინაში, მდინარე დნეპრის გასწვრივ, ფრონტის ხაზიდან მოშორებით.

ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, სხვა შესაძლო ვარიანტებს შორის, რომლებიც ასევე განიხილება, არის მხარდამჭერი ძალების განთავსება კიდევ უფრო შორს ფრონტიდან, უკრაინის უკიდურეს დასავლეთში ან მეზობელ ქვეყანაში.

ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ძალები, შეიძლება, შეადგენდეს 10 000-დან 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპული სამხედრო კონტიგენტი არ იქნება დისლოცირებული ფრონტის ხაზზე. მისივე განცხადებით, „ეს ძალები რუსებს ხელახალი თავდასხმებისგან შეაკავებენ და, მნიშვნელოვანი ქალაქების, სტრატეგიული ბაზების კონტროლით, ხაზს გაუსვამენ მკაფიო მხარდაჭერას რამდენიმე ევროპული მთავრობისა და მოკავშირეების მხრიდან“.

„ამიტომ ჩვენ არ ვართ წინა ხაზზე, ჩვენ არ მივდივართ საომრად, მაგრამ ჩვენ იქ ვართ, რათა გარანტირებული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა. ეს პაციფისტური მიდგომაა. ერთადერთი, ვინც ამ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, საომარი ვითარება, იქნებიან რუსები, თუ ისინი კვლავ გადაწყვეტენ დაიწყონ აგრესია“, – აღნიშნა მარკონმა.