„ასოშიეთედ პრესი“ - აშშ-ის საავადმყოფოებში რეკორდული რაოდენობით კოვიდინფიცირებულია გადაყვანილი
„ასოშიეთედ პრესი“ - აშშ-ის საავადმყოფოებში რეკორდული რაოდენობით კოვიდინფიცირებულია გადაყვანილი

ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა კვლავ რეკორდულად მატულობს. მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა კენტუკიში და ტეხასში, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადავსებულია კოვიდპაციენტებით.

ანალოგიური სიტუაციაა ნიუ მექსიკოში. როგორც აღნიშნული შტატის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების რიცხვმა ბოლო ერთ დღეში 20%-ით მოიმატა.

აიდაჰოს შტატში კი ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოხალისეებს, დაეხმარონ სამედიცინო პერსონალს, რათა საავადმყოფოებმა სათანადოდ შეძლონ ფუნქციონირება.

ტეხასსა და კენტუკიში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რიცხვმა პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ტეხასის საავადმყოფოებში ახლა 14 255 ადამიანია მოთავსებული, ხოლო კენტუკიში 2 074-ი პაციენტი.

ანალოგიური მდგომარეობაა ასევე არკანზასში, ფლორიდაში, ლუიზიანაში, მისისიპისა და ორეგონში.

ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 1 100-ს, ხოლო ახალი შემთხვევების რიცხვი 152 000-ს აღწევს, რაც იანვრის დასაწყისში არსებულ ნიშნულს უტოლდება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კორონავირუსის ახალი ტალღა დელტა ვარიანტს უკავშირდება, რომელიც არავაქცინირებულ მოქალაქეებში ადვილად ვრცელდება. მათივე თქმით, ვირუსის დელტა ვარიანტით უმეტესად ბავშვები და ახალგაზრდები არიან ინფიცირებულები.