ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს
ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკარინა) საგარეო საქმეთა მინისტრებმა – დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრები შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს მარინა კალიურანდს, ზიგფრიდ მურეშანს, ვიტოლდ ვაშიკოვსკის, ევროპარლამენტის მომხსენებლებსდრაგოშ ტუდორაჩეს, მიხაელ გალერს, ასევე ევროპარლამენტარებს – ანდრიუს კუბილიუსს და პეტრას აუსტრევიჩუსს.

„ევროპარლამენტარები მიესალმნენ ასოცირების ტრიოს დაფუძნების იდეას და ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს ბრიუსელში. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირების ტრიოს დაფუძნების მიზნებზე და ტრიოს შემდგომ საქმიანობაზე, რაც დაკავშირებულია სამი ასოცირებული ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციასთან ევროინტეგრაციის მიზნების რეალიზების გზაზე, ისევე როგორც აღნიშნული ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებასთან ევროკავშირთან, როგორც სექტორული დაახლოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო დონეზე ასოცირებული ტრიოს საქმიანობის გაძლიერებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ასოცირებული ქვეყნების ხედვებს. აღინიშნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის და კომპლექსური რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, აღინიშნა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე, მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ადგილზე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი