ასოცირების საბჭო - ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების მიმართ, ხაზს ვუსვამთ ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას
ასოცირების საბჭო - ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების მიმართ, ხაზს ვუსვამთ ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი იქნება გადადგმული. ამან ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის მიღება ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად და მოუწოდა საქართველოს რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ.

„საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულება მოხდეს არსებითი და შეუქცევადი რეფორმების გზით, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციით, მომზადებითა და განხორციელებით. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ გზაზე დამოკიდებული იქნება გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების მხრივ დამსახურებაზე.

ასოცირების საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართ, ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით, და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება ხელს უწყობს პირობების შექმნას ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისთვის, რაც მიმართულია ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველოს შემდგომი ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებას და მის ქმედებებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ასოცირების საბჭომ გამოხატა ძლიერი მოლოდინი, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან, შემზღუდველ ზომებთან შესაბამისობას და მოუწოდა საქართველოს სრული შესაბამისობის მიმართულებით პროგრესისკენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.