ასოცირების საბჭო - ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და ერთგულებას, დაგმო რუსული ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა
ასოცირების საბჭო - ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და ერთგულებას, დაგმო რუსული ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა

ევროკავშირმა და საქართველომ გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩართვაზე რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკაშირის მტკიცე ერთგულებას კონფლიქტების მოგვარების, არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს საკითხებში ჩართულობის მიმართ.

„ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ, მოახლოებული მე-60 რაუნდის ჩათვლით, რომელსაც სრულად ფუნქციონირებადი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან“ ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების გადაჭრისთვის. ევროკავშირმა და საქართველომ გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩართვაზე რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. საბჭომ დაგმო საქართველოში უკანონოდ განლაგებული რუსული ძალების მიერ ქართველი მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა. ასოცირების საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებული სიტუაციის გამო, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ გაიმეორეს რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბება დაუშვას.

„საბჭომ ხაზი გაუსვა ვალდებულებას, უზრუნველყოფილი იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში. ასოცირების საბჭომ აქცენტი გააკეთა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის აუცილებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი მანდატის შესაბამისად. ასოცირების საბჭომ ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, პასუხისმგებლობას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს რეგიონებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა მოსახლეობას შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერების და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობას გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე, კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა შერიგებისა და ჩართულობის მცდელობების მიმართ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.