ასოცირების საბჭო - აღვნიშნეთ კერძო ინტერესების ჭარბი გავლენის აცილების მიმართულებით გაწეული სამუშაო, ხაზი გავუსვით სამოქმედო გეგმის განხორციელების აუცილებლობას სისტემური მიდგომით
ასოცირების საბჭო - აღვნიშნეთ კერძო ინტერესების ჭარბი გავლენის აცილების მიმართულებით გაწეული სამუშაო, ხაზი გავუსვით სამოქმედო გეგმის განხორციელების აუცილებლობას სისტემური მიდგომით

ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციის, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების ჭარბი გავლენის თავიდან აცილების მიმართულებით გაწეული სამუშაო და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობას მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებლად და ეფექტიანად ფუნქციონირების მნიშვნელობას.

„ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის დასაძლევად, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ძალისხმევის ფარგლებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.