ასლან ბჟანია - პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში ხელი რუსეთმა შეგვიწყო
ასლან ბჟანია - პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში ხელი რუსეთმა შეგვიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკის ლიდერ ასლან ბჟანიას განცხადებით, „პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში ხელი რუსეთმა შეუწყო“.

ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბოლო თვეებში მომწიფდა, გადალახულია, გილოცავთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეობისთვის“, – მიმართა ასლან ბჟანიამ მომიტინგეებს.

ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან 12 იანვარს, საღამოს გადადგა. მის რეზიდენციასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე ამ ინფორმაციას ოვაციებით შეხვდა.

დღეს სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ხაჯიმბამ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. თუმცა, გადადგომამდე, დღის განმავლობაში ოპოზიციური ბლოკის ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდა, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოსთხოვა.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.

პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა.