ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა
ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა

ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება არამეულ ენაზე ჩატარდა. ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ აღმსარებლობებს შორის. მისი საპატრიარქო ბაღდათში მდებარეობს. საქართველოში კი, მრევლს მხოლოდ ერთი ეკლესია აქვს, რომელიც თბილისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

ეკლესიის ქორეპისკოპოსმა ბენი ბეტ-იადეგარმა დღესასწაული მთელ ქრისტიანულ სამყაროს მიულოცა და მრევლს მშვიდობა უსურვა. წირვა კოვიდპანდემიის რეგულაციების დაცვით ჩატარდა და მას მრევლი თბილისიდან და გარდაბნიდან ესწრებოდა.

„ჩვენ დღეს ვზეიმობთ უდიდეს დღესასწაულს – ქრისტეშობას. სამწუხაროდ, ამ წელს ჩვენ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ტრადიციულად ეს დღესასწაული, გამომდინარე კოვიდპანდემიის შეზღუდვებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მოდის ეკლესიაში, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ონლაინ ტრანსლაციასაც. მოხარულები ვართ, რომ ავადმყოფებს, სნეულებს, ვისაც არ შეუძლიათ ეკლესიაში მოსვლა, აქვთ საშუალება, რომ თანაზიარნი იყვნენ ამ უდიდესი დღესასწაულისა და შეუძლიათ მიიღონ სარგებელი წირვისგან. ვუსურვებ, ჩვენს ძვირფას საქართველოს, რომ იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, მომავალი წელი იყოს ბედნიერებითა და ჯანმრთელობით აღსავსე და იყოს წელიწადი სავსე სიხარულით, სადაც იზეიმებს მშვიდობა, მეგობრობა, ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა. უფალმა დაგლოცოთ“, – განუცხადა ასირიულ-ქალდეურ კათოლიკური ეკლესიის ქორეპისკოპოსმა, ბენი ბეტ-იადეგარმა საქართველოს პირველ არხს.