აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს არ გამორიცხავენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს არ გამორიცხავენ

აშშ-ის  წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რაიანის თქმით, თუ კონგრესის კომიტეტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები საჭიროა, ის მოხარულია, განიხილოს ისინი.

გარდა ამისა, პოლ რაიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნას იმის შესახებ, რომ რუსეთის 2016 წლის არჩევნებში ჩაერია.

„რუსეთის მთავრობა წარმოადგენს საფრთხეს, რუსეთი არ იზიარებს ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს“, – აღნიშნა რაიანმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი მწვავე კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ვლადიმერ პუტინთან საერთო პრესკონფერენციაზე  რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში არ დაადანაშაულა და ამერიკული სპეცსამსახურების დასკვნებს არ დაეთანხმა.

„პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ეს რუსეთი არ ყოფილა. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო რუსეთი“, – ასე უპასუხა ჰელსინკიში დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას, სჯერა თუ არა მას აშშ-ის სპეცსამსახურების დასკვნის რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ვაშინგტონში დაბრუნებულმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს სრულად ენდობა.

„მე ვთქვი „უნდა ყოფილიყო“ „არ უნდა ყოფილიყოს“ ნაცვლად. ფრაზა ასე უნდა ჟღერდეს: „მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ყოფილიყო რუსეთი“, – აღნიშნა ტრამპმა ჰელსინკის სამიტიდან ერთი დღის შემდეგ თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციაზე.