აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში - ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი 50-ჯერ გამოიყენა
აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში - ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი 50-ჯერ გამოიყენა

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ სირიაში ქიმიური იარაღი 50-ჯერ გამოიყენა. ამის შესახებ განცხადება ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელიც დღეს რუსეთის მოწვევით იმართება.

„ჩვენს პრეზიდენტს ჯერ საბოლოოდ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიაში მოსალოდნელ ქმედებებზე, მაგრამ როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ნაბიჯი იქნება მიმართული იმ პრინციპების დასაცავად, რომელზეც ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

მისივე თქმით, რუსეთმა დაბლოკა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე წარდგენილი ექვსი რეზოლუცია, რომელიც სირიის საკითხს ეხებოდა. ჰეილის განცხადებით, ამ ქმედებით მოსკოვი დაეხმარა ასადის რეჟიმს, დანაშაული დაემალა და ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა.

„რუსეთმა გააკეთა ყველაფერი ასადის რეჟიმის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ სწორედ რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ სირია ქიმიურ იარაღს გაანადგურებდა. მას რომ ეს ვალდებულება პირნათლად შეესრულებინა, სირიაში ქიმიური იარაღი არ იქნებოდა და დღეს აქ არ ვიქნებოდით. აშშ-ის ინფორმაციით, ასადის რეჟიმმა შვიდწლიანი კონფლიქტის განმავლობაში ქიმიური იარაღი 50-ჯერ გამოიყენა“ – განაცხადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.