აშშ თურქი ბიზნესმენისა და ფილანთროპის, ოსმან კავალას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ თურქი ბიზნესმენისა და ფილანთროპის, ოსმან კავალას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამო ღრმა შეშფოთებას და იმედგაცრუებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება თურქეთის ხელისუფლებას კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„მისი უსამართლო პატიმრობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თურქეთს, გაათავისუფლოს ოსმან კავალა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, ასევე გაათავისუფლოს ყველა სხვა თვითნებურად დაპატიმრებული“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ ასევე შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერების მუდმივი სამართლებრივი შევიწროების გამო.
გუშინ თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენსა და ფილანთროპს, ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თურქეთის სასამართლომ ის საპროტესტო გამოსვლების დაფინანსებით მთავრობის დამხობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. საქმის კიდევ შვიდ ფიგურანტს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მათი დაკავების განკარგულება გასცა.
კავალას საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და დასავლური ქვეყნები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.