აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - პენტაგონში აუდიტორული შემოწმება წარუმატებლად დასრულდა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - პენტაგონში აუდიტორული შემოწმება წარუმატებლად დასრულდა

პენტაგონში აუდიტორული შემოწმება წარუმატებლად დასრულდა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პატრიკ შანაჰანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდაცვის უწყების მიერ გაწეული ხარჯების შესწავლას 1200-მდე აუდიტორი აწარმოებდა.

სპეციალისტებმა შეამოწმეს, როგორც შეიარაღების სისტემებზე, ასევე პერსონალსა და უძრავ ქონებაზე დახარჯული ფინანსები, თუმცა შეფასების დასრულება გარკვეული ხარვეზების გამო შეუძლებელია.

„ჩვენ ჩაგვივარდა აუდიტი, თუმცა არც ველოდით რომ ამას შევძლებდით. ეს არის ორგანიზაცია 2.7 ტრილიონი დოლარით, თავად ფაქტი, რომ აუდიტი ჩატარდა, უკვე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილე პატრიკ შანაჰანმა.

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 2018 წლის ფისკალური წლის ბოლოს, დაახლოებით 700 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

„პენტაგონი უზარმაზარი სააგენტოა, მრავალი სამხედრო ფილიალით, ძვირადღირებული შეიარაღების სისტემებით, უზარმაზარი პერსონალითა და მრავალრიცხვოვანი სხვადასხვა სიდიდის ბაზებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და კონტიგენტით“ – აღნიშნავს მაღალჩინოსანი.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, აუდიტის შედეგებმა გამოავლინა სფეროები, სადაც პენტაგონს გაუმჯობესება სჭირდება. ეს არის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკასა და ინვენტარიზაციის პროცესში სიზუსტის დაცვა. პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, რა თანხის აღრიცხვა ვერ შეძლეს აუდიტორებმა.

დატოვე კომენტარი