აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი წევრის ინფორმაციით, CIA-ის ახალი ხელმძღვანელი ტერორიზმში ბრალდებულების წამებაში მონაწილეობდა
აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი წევრის ინფორმაციით, CIA-ის ახალი ხელმძღვანელი ტერორიზმში ბრალდებულების წამებაში მონაწილეობდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალი ხელმძღვანელი, ჯინა ჰასპელი ტერორიზმში ბრალდებულების წამებაში მონაწილეობდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა, ედუარდ სნოუდენმა დაწერა.

სნოუდენი ამბობს, რომ ჰასპელი ​ტერორიზმში ბრალდებულების წამებაში წამყვან როლს ასრულებდა.

„მისი სახელი მითითებულია საიდუმლო განკარგულებებში, რომლის მიხედვით ყველა ჩანაწერი უნდა განადგურდეს, რათა კონგრესში არ მოხვდეს, დაუჯერებელია“ – წერს სნოუდენი.

აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ასევე ამბობს, რომ ჯინა ჰასპელს, შესაძლოა, ევროპაში ჩასვლა და იქაური სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაუჭირდეს, რადგან გერმანიის „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებების ევროპულმა ცენტრმა“ ფედერალურ პროკურატურას ჰასპელის დაკავების სარჩელით მიმართა.

საჩივრის საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომ ჯინა ჰასპელი ტაილანდის საიდუმლო ციხის პასუხისმგებელი პერსონა იყო, რა დროსაც ალ-ყაიდას წევრი, საუდის არაბეთის მოქალაქე, აბუ ზუბაიდა 2002 წლის აგვისტოში 83-ჯერ აწამეს.

ჯინა ჰასპელის წამებაში მონაწილეობის შესახებ გასულ წელს წერდა ამერიკული გამოცემა New York Times. გავრცელებული ინფორმაციით, 2002 წელს, ტაილანდში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ციხეში, „კატის თვალი“ პატიმრების წამების ნებართვა ჯინა ჰასპელმა გასცა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, წამების საქმეზე წინასწარი გამოძიება 2014 წელს დაიწყო, თუმცა პროცესის გაგრძელება პროკურორებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ საქმის მონაწილეს გერმანიასთან აქვს კავშირი.