აშშ-ის სპეცპროკურორი - ტრამპის ადვოკატს რუსეთის წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია
აშშ-ის სპეცპროკურორი - ტრამპის ადვოკატს რუსეთის წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია

აშშ-ის სპეცპროკურორმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკონტაქტებოდა.

როგორც რობერტ მიულერის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ტრამპის ადვოკატი მაიკლ კოენი 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებმადე შეხვდა რუსს, რომელმაც მას რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობა შესთავაზა. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ადამიანი კოენს სთავაზობდა ტრამპის პუტინთან შეხვედრის ორგანიზებასაც.

რუსი, რომლის სახელსაც მიულერი არ ამხელს, მაიკლ კოენს უმტკიცებდა, რომ ასეთ შეხვედრას „ფენომენალური“ შედეგი მოჰყვებოდა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ უკანასკნელ შედეგში იგულისხმებოდა მოსკოვში ტრამპის ცათამბჯენის მშენებლობა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კოენმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დაგეგმვის წინადადება უარყო, თუმცა რუსეთში ცათამბჯენის მშენებლობის პროექტი 2016 წლის ივნისამდე განიხილებოდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩვენო კამპანიის დროს და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ მას რუსეთში ბიზნესი არ აქვს. აშშ-ის სპეცპროკურორი, რომლიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს, დონალდ ტრამპის ადვოკატს ცრუ ჩვენების მიცემაში, ფინანსურ თაღლითობასა და საარჩევნო კოდექსის დარღვევაში სდებს ბრალს და მის ხუთი წლით დაპატიმრებას ითხოვს. თავად კოენმა ბრალი აღიარა.