აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს
აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება დაიცვან.

შესაბამისი განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.

„როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება და შეწყვიტონ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შევიდა ძალაში.

როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან ვრცელდებოდა ურთიერთბრალდებები აღნიშნული შეთანხმების დარღვევის შესახებ.