აშშ სირიის დასახმარებლად 230 მილიონ დოლარს აღარ გამოყოფს
აშშ სირიის დასახმარებლად 230 მილიონ დოლარს აღარ გამოყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სირიის დასახმარებლად გათვალისწინებული 230 მილიონი დოლარის სხვა მიზნებისთვის გამოყენების განკარგულება გასცა. თანხასთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფო დეპარტამენტში განხილვის პროცესში იყო, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

თანხა დამტკიცების შემდეგ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონების აღდგენას უნდა მოხმარებოდა, თუმცა სახსრების სხვა მიზნებისთვის გამოყენების გადაწყვეტილება აშშ-მა მას შემდეგ მიიღო, რაც ანტიტერორისტულ კოალიციაში შემავალმა პარტნიორებმა სირიის სტაბილიზაციისთვის 300 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, საუდის არაბეთმა მზადყოფნა გამოთქვა, სირიისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყოს, 50 მილიონ დოლარს გამოყოფს არაბთა გაერთიანებული საამიროები.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ-მა სირიაში სტრატეგიული მიზნებისადმი მხარდაჭერა შეასუსტა. ჰიზერ ნაუერტის თქმით, საუბარია საერთაშორისო კოალიციის წევრებს შორის ფინანსური ტვირთის გადანაწილებაზე.