აშშ სირიაში სამხედროების რაოდენობას ზრდის
აშშ სირიაში სამხედროების რაოდენობას ზრდის

აშშ სირიაში სამხედროების რაოდენობას ზრდის. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, სირიაში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების გადაწყვეტილება ვაშინგტონმა რუსეთის ძალებთან რამდენიმე დაპირისპირების შემდეგ მიიღო, რამაც ქვეყანაში დაძაბულობა გაამწვავა.

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-მა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ექვსი სამხედრო მანქანა და 100-მდე ჯარისკაცი გაგზავნა.

როგორც აშშ-ის ძალების ცენტრალური სამეთაურო შტაბის პრესმდივანმა, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა, ბილ ურბანმა განაცხადა, ეს ნაბიჯი კოალიციური ძალების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, სამხედრო მანქანების გაგზავნის გარდა, აშშ სირიაში რადარს განათავსებს და ამერიკული გამანადგურებლების პატრულირების სიხშირეს გაზრდის.

„აშშ არ მიისწრაფვის რომელიმე ერთან კონფლიქტისკენ სირიაში, თუმცა,  საჭიროების შემთხვევაში, კოალიციურ ძალებს დაიცავს“, – განაცხადა კაპიტანმა ურბანმა.