აშშ-ში ყოფილმა ოფიცერმა რუსეთისთვის ჯაშუშობა აღიარა
აშშ-ში ყოფილმა ოფიცერმა რუსეთისთვის ჯაშუშობა აღიარა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი ოფიცერი პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მან დანაშაული აღიარა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი აშშ-ში დაიბადა, თუმცა მას ოჯახური კავშირები ჰქონდა რუსეთთან. სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, უსაფრთხოების პროტოკოლის განახლებისას, გასულ წელს ის პოლიგრაფის ტესტში ჩაიჭრა. მოგვიანებით, მან აღიარა, რომ 15 წლის განმავლობაში რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა. რუსეთთან მისი კავშირი 1996 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩელიაბინსკში სწავლისას მის მომავალ მეუღლეს, რუსეთის საჰაერო ძალების პოლკოვნიკის ქალიშვილს შეხვდა. გამოცემის ინფორმაციით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი თავისი სპეციალური ძალების ქვედანაყოფის საქმიანობისა და აშშ-ის კონტრდაზვერვის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

ამასთან, როგორც პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსის წინააღმდეგ არსებულ სასამართლო მტკიცებულებებშია ნათქვამი, ის 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდა და რუსეთს ქვეყანაში აშშ-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 45 წლის აშშ-ის ყოფილ ოფიცერს ფედერალური სასამართლო სასჯელს 26 თებერვალს შეუფარდებს.