აშშ-ში, წინასწარი დაკავების იზოლატორში 7 წლის მიგრანტი გოგონა დაიღუპა
აშშ-ში,  წინასწარი დაკავების იზოლატორში 7 წლის მიგრანტი გოგონა დაიღუპა

მექსიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების წინასწარი დაკავების იზოლატორში განთავსებული 7 წლის გოგონა დაიღუპა.

გვატემალელმა მცირეწლოვანმა მიგრანტმა მამასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარი არალეგალურად რამდენიმე დღის წინ გადაკვეთა. რის შემდეგაც ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

The Washington Post-ი იუწყება, რომ მცირეწლოვანი მიგრანტის გარდაცვალების მიზეზი დეჰიდრატაცია და დაკავების შედეგად მიყენებული შოკი იყო. ამერიკული მედიის ცნობით, დაკავებამდე ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში საკვები და წყალი არ ჰქონდა მიღებული.

როგორც ცნობილია, გოგონამ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაახლოებით 7 საათი გაატარა, რის შემდეგაც ვერტმფრენის საშუალებით ქალაქ ელ-პასოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

გვატემალელი გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე უკვე დიდი ხანია მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებით რთული ვითარებაა შექმნილი. შტატებში ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით საზღვრის გადაკვეთას ყოველდღიურად ათობით მიგრანტი ცდილობს. ამ მომენტისთვის საზღვართან, მექსიკის მხარეს ცენტრალური ამერიკიდან წასული 7 ათასზე მეტი მიგრანტი იმყოფება. როგორც თავად არალეგალები აცხადებენ, ისინი სამშობლოდან სიღარიბეს და ძალადობას გამოექცნენ. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების მიგრაციული პოლიტიკის თანახმად, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა არ შეუძლიათ.

ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობების დროს ამერიკელმა სამართალდამცველებმა მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი აირი არაერთხელ გამოიყენეს. ამჟამად საზღვართან მყოფი მიგრანტები დროებით თავშესაფრებში არიან განთავსებულნი.