აშშ-ში ტროპიკული შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
აშშ-ში ტროპიკული შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

აშშ-ში ტროპიკულ შტორმფლორენსის“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის სამი თვის ბავშვია. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

ყველაზე მეტად სტიქიამ ჩრდილოეთ კაროლინის შტატი დააზარალა, სადაც დაღუპულია 17 ადამიანი. როგორც შტატის გუბერნატორმა, როი კუპერმა განაცხადა, შტორმი ჯერ კიდევ წარმოადგენს საფრთხეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

„ჩრდილოეთ კაროლინის დიდი ნაწილისთვის საფრთხე კვლავ რჩება. ზოგიერთი რაიონებისთვის ეს წყალდიდობა ყველაზე მასშტაბურია. ეს არის უდიდესი კატასტროფა ჩვენი შტატისთვის“, – განაცხადა გუბერნატორმა.

წყალდიდობასთან ერთად, შტატს რამდენიმე ტორნადომ გადაუარა. წყალდიდობის გამო სანაპირო ქალაქი უილმინგტონი კუნძულად იქცა და გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ქალაქის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

აშშ-ის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უამინდობა რეგიონში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

ამჟამად ფლორენსი, რომელიც აშშ-ის აღმოსაველთ სანაპიროს პარასკევს დაატყდა თავს, ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა. ქარის სიჩქარე საათში 45 კილომეტრს შეადგენს.