აშშ-ში თაღლითური ქსელი გამოავლინეს, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები ფიგურირებენ
აშშ-ში თაღლითური ქსელი გამოავლინეს, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები ფიგურირებენ

აშშ-ში თაღლითური ქსელი გამოავლინეს, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ფიგურირებენ.

ამერიკული მედიის ცნობით, რამდენიმე ათეული პირი ქვეყნის მასშტაბით პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სტუდენტებს არალეგალური გზით მოხვედრას ცდილობდა. ისინი მისაღები გამოცდების გაყალბებასთან ერთად, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სპორტული შესაძლებლობები არ ჰქონდათ, ამ განხრით სტიპენდიის მიღებაში ეხმარებოდნენ.

აღნიშნულ სქემას ეჭვმიტანილები იელის, სტენფორდის და ჯორგთაუნის უნივერსიტეტებში იყენებდნენ. როგორც ცნობილია, თავად უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები დანაშაულებრივ სქემაში არ მონაწილეობდნენ.

თაღლითური ქსელის ხელმძღვანელი 58 წლის ბიზნესმენი უილიამ სინგერია, რომელიც არალეგალურ საქმიანობას საკუთარი კომპანია „ქოლეჯ ენდ ქარიერ ნეთვორქის“ (College & Career Network ) საშუალებით ეწეოდა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის საქმეში რამდენიმე ათეული ფიგურანტი მონაწილეობდა. მათ შორის არის სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ფესილიტი ჰაფმანი. არსებული ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავმა საკუთარი უფროსი ქალიშვილის უნივერსიტეტში მისაღებად სქემის მონაწილეებს საქველმოქმედო მისიის სახელით 15 ათასი დოლარი გადაურიცხა. მსახიობმა ამავე ხერხს უმცროსი ქალიშვილის უნივერსიტეტში მიღების დროსაც მიმართა.

ფესილიტი ჰაფმანი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ჯარიმის სახით 250 ათასი დოლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალება.

ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში რამდენიმე მწვრთნელიც არის ჩართული. გამოძიების ინფორმაციით. ისინი თანხის სანაცვლოდ ყალბ სერთიფიკატებს გასცემდნენ. შედეგად, ახალგაზრდები ელიტურ უნივერსიტეტებში სპორტულ სტიპენდიას იღებდნენ. საერთო ჯამში საქმეში 33 მშობელი და 13 მწვრთნელი ფიგურირებს.