აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩი ჯამალ ხაშოგთან სატელეფონო საუბრის შესახებ The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩი ჯამალ ხაშოგთან სატელეფონო საუბრის შესახებ The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩი ჰალიდ ბინ სალმანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგთან მისი სატელეფონო საუბრის შესახებ The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. სამეფო ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის ძმა, ჰალიდ ბინ სალმანი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგთან  სატელეფონო საუბარი არასოდეს ჰქონია.

„როგორც The Washington Post-თან საუბრის დროს აღვნიშნე, ბატონ ხაშოგთან ბოლო წერილობითი კონტაქტი 2017 წლის 26 ოქტომბერს მქონდა. მასთან ტელეფონით არასოდეს მისაუბრია. მით უმეტეს, თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლა არ მირჩევია. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან მოვითხოვ ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გაასაჯაროონ“, – განაცხადა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩმა მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით.

ცოტა ხნის წინ The Washinton Post-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სააგენტოს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.

გამოცემის ცნობით, გამომძიებლებმა მოისმინეს სატელეფონო ჩანაწერი, როგორ ესაუბრება ხაშოგი პრინცის ძმას, ჰალიდ ბინ სალმანს, რომელიც აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩია. ჰალიდმა ჯამალ ხაშოგს უთხრა, რომ ქორწინების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა მისულიყო სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში, სადაც დოკუმენტებს მიიღებდა. ის ჟურნალისტს არწმუნებდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა. The Washington Post-ს არ აქვს ინფორმაცია, იცოდა თუ არა ჰალიდმა ჟურნალისტის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ზარი ხაშოგთან ძმის ბრძანებით განახორციელა.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.