აშშ-ში სასამართლომ ჩინელი მაგნატი გო უენგუი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 30 წლით პატიმრობა შეუფარდა
აშშ-ში სასამართლომ უძრავი ქონების ჩინელ მაგნატს, მილიარდერ გო უენგუის 30 წლით პატიმრობა შეუფარდა ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თაღლითობის გამო.
გო უენგუი დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში ცნეს, მათ შორის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. ამასთან, მოსამართლის განცხადებით, მისმა სქემამ ზიანი მიაყენა ასობით ინვესტორს მთელ მსოფლიოში 2018-2023 წლებში. მოსამართლემ მას 889 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მაგნატი ნიუ იორკში 2023 წელს დააკავა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში გადასვლამდე, ჯერ კიდევ 2015 წელს ჩინეთში მას თაღლითობაში ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გაიქცა. ჩინეთის ხელისუფლება მას ასევე ბრალს სდებდა გაუპატიურებაში, გატაცებაში, ქრთამის მიცემასა და სხვა დანაშაულებში, რასაც გო უარყოფდა.
აშშ-ში გადასვლის შემდეგ გომ აქტიურად დაიწყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკა და დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, სტივ ბენონის მოკავშირე გახდა. 2020 წელს ბენონმა და გომ დააარსეს ერთობლივი პოლიტიკური მოძრაობა „ჩინეთის ახალი ფედერალური სახელმწიფო“, რომელსაც ლობისტურ ჯგუფად მოიხსენიებდნენ და რომლის გაცხადებული მიზანიც ჩინეთის ხელისუფლების დამხობას წარმოადგენდა. თუმცა, მოსამართლის თქმით, გო „ხელის მოთბობას ცდილობდა იმ ხალხით, ვინც ჩინეთში დემოკრატიის დამყარებისკენ მიისწრაფოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ დაეფინანსებინა თავისი მდიდრული ცხოვრების წესი“.
პარალელურად კი, მისი მოკავშირე სტივ ბენონი 2020 წლის აგვისტოში მისავე იახტაზე დააკავეს, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტის თანხების გაფლანგვის ბრალდებით.