აშშ-ში საქართველოს საელჩოში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავი აღნიშნეს
აშშ-ში საქართველოს საელჩოში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავი აღნიშნეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ში მყოფი საპატრიარქოს დელეგაციის წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ტახტის მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა შიო.

საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიესალმა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და წმინდა სინოდის წევრებს და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით და ყურადღება გაამახვილა იმავე დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთხმად დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ისტორიულ მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მისი ყოვლადუსამღვდელოესი საბას უმნიშვნელოვანეს მოღვაწეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თავის გამოსვლაში მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, შიომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ვიზიტის განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერისათვის და იქ დამსწრე საზოგადოებას და ქართველ ემიგრანტებს გადასცა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევა. მან აღნიშნა საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან მოყოლებული მისი უდიდესი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის აღმშენებლობისა და ერის სულიერი განვითარების საქმეში და გამოჰყო, ამ მხრივ, მისი, როგორც ერის სულიერი მამის განსაკუთრებული როლი. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, საბას უმნიშვნელოვანეს ღვაწლზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის აღორძინების, მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო ქართველი მრევლის შემოკრებისა და განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული ოფიციალური შეხვედრების შედეგები. მან დალოცა დამსწრე საზოგადოება და ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.

ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.