აშშ-ში საქართველოს საელჩომ 2008 წლის რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გამართა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ 2008 წლის რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გამართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ 8 აგვისტოს დიასპორის წარმომადგენლებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად, 2008 წლის რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გამართა.

ღონისძიებაზე, ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად, დეკანოზმა პავლე ზაქარაიამ პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ  აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათი შედეგები და  რუსული ოკუპაციის სახით საქართველოს დღევანდელი გამოწვევები მიმოიხილა.

ასევე, სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარი როისმა, რომელმაც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკუთარი სიტყვა ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ციტირებით დაასრულა – „ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ”.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ბროკ ბირმანმა კი, საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა. მან საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული პროგრესი აღნიშნა და ქართველ ხალხს ღია მმართველობის სამიტის (OGP Summit) ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა აგვისტოს ომის დროს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ტეფტმა, რომელმაც აგვისტოს მოვლენები გაიხსენა და რუსეთი საქართველოს ოკუპაციაში ღიად დაადანაშაულა.

ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის მთავრობის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი ფიონა ჰილი, სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ უოკერი და სხვები.

საღამოზე ფოტო-ვიდეო გამოფენაც მოეწყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ასახავს.