აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. იხილეთ განკარგულების ბმული ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.

შენიშვნა: საიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად, საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

განკარგულება აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.

22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ NIE (National Interest Exception) გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. პრეზიდენტის პროკლამაციის 9993 (Schengen Area) და 9996 (United Kingdom and Ireland) მიხედვით, ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ, ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ.

სტუდენტებს, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩო/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.

სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოსთან.

სტუდენტებს, რომელებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.

ინვესტორები, აკადემიკოსები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები, ვინც ბიზნესსაქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი, ვიზა/ESTA ავტორიზაციით შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლა.

სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მგზავრობაზე გამონაკლისის დაშვებას იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით გეგმავენ მგზავრობას.

გამონაკლისის დაშვება აღნიშნული პირებისთვის აშშ-ში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან მგზავრობის შესახებ, ხელს შეუწყობს „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძირითადი კომპონენტების აღდგენას.

აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იხილეთ CDC რეკომენდაცია“, – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.