აშშ-ში საქართველოს საელჩო 2017 წელს მთავრობებს შორის თანამშრომლობის შედეგებს აჯამებს 
აშშ-ში საქართველოს საელჩო 2017 წელს მთავრობებს შორის თანამშრომლობის შედეგებს აჯამებს 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო 2017 წელს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შედეგებს აჯამებს.

“2017 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობა შედგა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ორმხრივი ურთიერთობებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და აღსრულებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელიც პრემიერის მოწვევით წელსვე ესტუმრა საქართველოს ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან გენერალ მაკმასტერთან და მინისტრთა კაბინეტის ექვს წევრთან. მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებების ლიდერებთან: სახელმწიფო მდივან ტილერსონს დანიშვნის პირველივე კვირას შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მინისტრების შეხვედრა შედგა თავდაცვის, კომერციის ხაზინის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ასევე 2017 წელს განხორციელდა საკანონმდებლო დელეგაციების 8-მდე გაცვლითი ვიზიტი და 100-ზე მეტი ორმხირივი შეხვედრა აშშ-ის სენატორებთან და კონგრესმენებთან.

მთავრობებს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2017 წელს საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა დაფიქსირდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა:

საკანონმდებლო დონეზე პირველად საქართველოს ოკუპაციის აღიარება მოხდა აშშ-ის 2017 წლის საბიუჯეტო კანონში.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას ხაზი გაესვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ, რაც განამტკიცებს ქვეყნის შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თავდაცვის ეროვნული მოთხოვნები.

აშშ- საქართველოშ შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უსაფრთხოების დარგში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.

ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის წლევანდელი შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსადმი აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ მხარდაჭერას და პარტნიორობის მტკიცე გეზს”, – აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს შემაჯამებელ განცხადებაში, რომელიც საელჩოს “ფეისბუქ” გვერდზეა გამოქვეყნებული.