აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კონგრესმენ კონავეის შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კონგრესმენ კონავეის შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კონგრესმენ კონავეის შეხვდა. ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარჭერისთვის, მათ შორის ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს შესახებ ჩანაწერის ინიცირებისა და ასევე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია (H.RES.847) შეტანისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის აშშ-ის ფასეული მეგობარი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და ამავდროულად ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის შეკავების ინიციატივის (European Deterrence Initiative) ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, აისახება უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ნატო-სთან. ამასთან, გამოხატულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღნიშნულია რომ აშშ არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და გმობს რუსეთის მიერ აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას.

დოკუმენტი ცალსახად უჭერს მხარს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომელიც მიმართულია, როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტში გათვალისწინებული საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირების ასახვა აგრეთვე იგეგმება 2019 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წარმომადგენელთა პალატის ვერსიაში. რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატაში 2018 წლის 25 აპრილს შევიდა.