აშშ-ში რუსეთის საელჩო - აშშ ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებზე თვალს ხუჭავს
აშშ-ში რუსეთის საელჩო - აშშ ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებზე თვალს ხუჭავს

აშშ-ში რუსეთის საელჩო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის განცხადებას ეხმიანება.

რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გაწეული დახმარების შეფასება პოლიტიზებულია და რუსოფობიული მიდგომით განხორციელდა.

„ვაშინგტონში არ ჩქარობენ თბილისში მყოფ პროტეჟეებს მოუწოდონ, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და რუს მშვიდობისმყოფელებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აღიარონ. ამის ნაცვლად, აშშ-ის საგარეო უწყება ტრადიციული პოლიტიზებული და რუსოფობიული მიდგომით უპასუხისმგებლოდ აგრძელებს რუსეთის დადანაშაულებას“, – აღნიშნულია აშშ-ში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში წერია, რომ „როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებზე თვალს ხუჭავს. სწორედ დაუსჯელობის რწმენა შობს ასეთ ტრაგიკულ მოვლენებს“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე მიმართა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.