აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საიდუმლო ჩანაწერები გამოქვეყნდა
აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საიდუმლო ჩანაწერები გამოქვეყნდა

აშშ-ის კონგრესმა რესპუბლიკური პარტიის საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნა. დოკუმენტები აშშ-ის გამოძიების ცენტრალურ ბიუროს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის თანაშემწეს, კარტერ ფეიჯს დაუსაბუთებელი მტკიცებულებების გარეშე საიდუმლოდ უთვალთვალებდა.

წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამტკიცებული საიდუმლო ჩანაწერების მიხედვით, ფედერალურმა ბიურომ და იუსტიციის დეპარტამენტმა მოსამართლეს არ უთხრეს, რომ ორდერის გამამართლებელი გარემოებების ნაწილი სადავო დოსიეს ეყრდნობოდა, რომლის ნაწილი დაფინანსებული იყო მეტოქე ჰილარი კლინტონის კამპანიის მიერ.

აღნიშნული დოსიე შედგენილი იყო ბრიტანეთის ყოფილი სადაზვერვო აგენტის, ქრისტოფერ სტილის მიერ და დაფინანსდა დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში. კამპანია მიზნად ისახავდა ტრამპის კამპანიისა და რუსეთის სავარაუდო კავშირის დამადასტურებელი მონაცემების გამომჟღავნებას.

2016 წლის ოქტომბერში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ „საგარეო დაზვერვის ზედამხედველობის აქტის“ ორდერი მიიღო, რაც კარტერ ფეიჯისა და რუსი აქტორების კავშირის დადგენას ისახავდა მიზნად. საიდუმლო ჩანაწერებით ირკვევა, რომ ორდერის მოქმედება სამჯერ გახანგრძლივდა. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დემოკრატების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციას სამარცხვინო უწოდა.