აშშ-ში პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობაში ედება ბრალი
აშშ-ში პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობაში ედება ბრალი

აშშ-ში პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობაში ედება ბრალი.

ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი, სამხრეთ დაკოტას შტატში მცხოვრები, 63 წლის ჯონ მიურეი როუ უმცროსი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობაში ედება ბრალი.

იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, ეჭვმიტანილი დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მუშაობდა ინჟინრად თავდაცვის სამინისტროში, კერძოდ აშშ-ის საჰაერო ძალების კოსმოსური ტექნოლოგიების განყოფილებაში და წვდომა ჰქონდა სხვადასხვა ხარისხის საიდუმლოების მასალებზე. მას შემდეგ, რაც მან არაერთხელ დაარღვია საიდუმლოების რეჟიმი და ასევე გამოავლინა დიდი ინტერესი რუსეთის საქმეების მიმართ, ის განიხილეს როგორც პოტენციური შიდა საფრთხე და გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაიწყო ფარული ოპერაცია, რათა დაედგინა როუს მზადყოფნა, გადაეცა საიდუმლო ინფორმაცია უცხო მთავრობისთვის.

2020 წლის მარტში როუ შეხვდა ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელმაც თავი რუსეთის მთავრობის აგენტად წარადგინა. რვა თვის განმავლობაში ეჭვმიტანილმა 300-ზე მეტი წერილი გაუგზავნა ფედერალური ბიუროს აგენტს, სადაც ის რუსეთისთვის მუშაობის მზადყოფნას ადასტურებდა, ხოლო ერთ-ერთ წერილში გაამჟღავნა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებში დამონტაჟებულ ელექტრონული კონტრზომების სისტემების დეტალებს ეხებოდა.

ჯონ მიურეი როუს ბრალად ედება ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის უცხო ქვეყნის მთავრობისთვის გადაცემა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როუს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.